GASA

მომსახურების პირობები

1. კომპანიის როლი და მომსახურების ფარგლები

1.1. სს „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი“ (შემდგომში — „GASA“ ან „კომპანია“) მომხმარებელს სთავაზობს ტურისტულ და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს, მათ შორის ავიაბილეთების, სასტუმროების, ტურისტული პაკეტებისა და სხვა სამოგზაურო მომსახურებების დაჯავშნას, ორგანიზებასა და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას.

1.2. კონკრეტული მომსახურების სახისა და პირობების გათვალისწინებით, GASA შეიძლება მოქმედებდეს როგორც მომსახურების უშუალო მიმწოდებელი ან როგორც შუამავალი/სააგენტო მომხმარებელსა და შესაბამის მომსახურების მიმწოდებელს შორის.

1.3. როდესაც GASA მოქმედებს როგორც შუამავალი/სააგენტო, უშუალო მომსახურება ხორციელდება მესამე პირის — მათ შორის ავიაკომპანიის, სასტუმროს, ტუროპერატორის ან სხვა მომსახურების მიმწოდებლის — მიერ. ასეთ მომსახურებაზე, წინამდებარე წესებსა და პირობებთან ერთად, ვრცელდება შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის წესები, ტარიფები, შეზღუდვები და სხვა პირობები.

2. შეთავაზება და ჯავშნის პროცესი

2.1. მომხმარებლის მოთხოვნის მიღების შემდეგ GASA ამოწმებს მოთხოვნილი მომსახურების ხელმისაწვდომობასა და პირობებს და მომხმარებელს უგზავნის შესაბამის შეთავაზებას (შემდგომში — „შეთავაზება“).

2.2. შეთავაზება შეიცავს კონკრეტული მომსახურების შესახებ არსებით ინფორმაციას, მათ შორის მომსახურების აღწერას, ფასსა და მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა პირობებს.

2.3. GASA-ს მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილი შეთავაზება მოქმედებს გაგზავნის მომენტიდან 1 (ერთი) საათის განმავლობაში, თუ შეთავაზებაში პირდაპირ არ არის მითითებული მოქმედების სხვა ვადა.

2.4. შეთავაზების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მასში მითითებული მომსახურების ხელმისაწვდომობა და პირობები აღარ ითვლება გარანტირებულად და მომხმარებლის მიერ მომსახურების შეძენის სურვილის შემთხვევაში ექვემდებარება GASA-ს მიერ ხელახალ დადასტურებას.

2.5. მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე შესაბამისი მომსახურების არჩევა, მონაცემების შევსება და შეკვეთის განთავსება წარმოადგენს GASA-სთვის ჯავშნის განხორციელების მოთხოვნას და თავისთავად არ ნიშნავს ჯავშნის საბოლოო დადასტურებას.

2.6. მომხმარებელი ვალდებულია ჯავშნის მოთხოვნის განთავსებამდე გადაამოწმოს მის მიერ მითითებული ინფორმაცია, მათ შორის მგზავრის სახელი და გვარი, საკონტაქტო მონაცემები, თარიღი, დრო, მარშრუტი, მომსახურების სახე და სხვა არსებითი მონაცემები.

2.7. ჯავშნის მოთხოვნის მიღების შემდეგ GASA შესაბამის მომსახურების მიმწოდებელთან ამოწმებს მომხმარებლის მიერ შერჩეული მომსახურების ხელმისაწვდომობას, ფასსა და სხვა პირობებს.

2.8. მომხმარებლის მიერ თანხის გადახდა თავისთავად არ ნიშნავს ჯავშნის საბოლოო დადასტურებას. ჯავშანი საბოლოოდ დადასტურებულად მიიჩნევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც GASA მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნის ჯავშნის საბოლოო დადასტურებას, ბილეთს, ვაუჩერს ან მომსახურების დამადასტურებელ სხვა შესაბამის დოკუმენტს.

2.9. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი მომსახურების დადასტურება ვერ ხერხდება ან ჯავშნის საბოლოო დადასტურებამდე იცვლება მისი ფასი ან სხვა არსებითი პირობა, GASA ამის შესახებ აცნობებს მომხმარებელს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. შეცვლილი პირობებით ჯავშანი განხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი მკაფიო თანხმობის საფუძველზე. მომხმარებლის მიერ შეცვლილი პირობების მიუღებლობის ან მომსახურების დაუდასტურებლობის შემთხვევაში მის მიერ გადახდილი თანხა სრულად დაბრუნდება GASA-ს გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკის შესაბამისად.

3. ფასი და ანგარიშსწორების პირობები

3.1. მომხმარებლისთვის გაგზავნილ შეთავაზებაში მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ევროში (EUR).

3.2. ჯავშნის მოთხოვნის განთავსების შემდეგ, მაგრამ ჯავშნის საბოლოო დადასტურებამდე, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ფასის ან სხვა არსებითი პირობის ცვლილების შემთხვევაში GASA მომხმარებელს შეცვლილი პირობების შესახებ აცნობებს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. შეცვლილი პირობებით ჯავშნის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი მკაფიო თანხმობის საფუძველზე. მომხმარებლის მიერ შეცვლილი პირობების მიუღებლობის შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე წესებისა და პირობების 2.9 პუნქტი.

3.3. მომსახურების ღირებულების გადახდა შესაძლებელია სრულად ან ეტაპობრივად. კონკრეტულ მომსახურებაზე მოქმედი გადახდის პირობები მომხმარებელს ინდივიდუალურად ეცნობება GASA-ს მიერ შესაბამისი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით გადახდის განხორციელებამდე.

3.4. სრული გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი იხდის მომსახურების ღირებულების 100%-ს.

3.5. ეტაპობრივი გადახდის შემთხვევაში, თუ პირველადი გადახდის განხორციელების მომენტში მომსახურების მიღებამდე დარჩენილია 21 (ოცდაერთ) კალენდარულ დღეზე მეტი, მომხმარებელი პირველ ეტაპზე იხდის მომსახურების ღირებულების 20%-ს, ხოლო დარჩენილ 80%-ს — მომსახურების მიღებამდე არაუგვიანეს 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღისა.

3.6. თუ მომსახურების შეძენის/ჯავშნის მომენტში მომსახურების მიღებამდე დარჩენილია 21 (ოცდაერთი) კალენდარული დღე ან ნაკლები, მომხმარებელი მომსახურების ღირებულებას იხდის სრულად.

3.7. GASA-ს მიერ ორგანიზებული ტურების შემთხვევაში, ლარში გადასახდელი თანხა გამოითვლება შესაბამისი გადახდის განხორციელების დღეს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

3.8. ყველა სხვა მომსახურების შემთხვევაში, ლარში გადასახდელი თანხა გამოითვლება შესაბამისი გადახდის განხორციელების დღეს მოქმედი GASA-ს ონლაინ გაცვლითი კურსის შესაბამისად. GASA-ს ონლაინ გაცვლითი კურსი ცვლადია და მომხმარებელს ეცნობება გადახდის მომენტში.

3.9. ეტაპობრივი გადახდის შემთხვევაში თითოეული გადასახდელი ნაწილის ლარში ეკვივალენტი გამოითვლება შესაბამისი გადახდის განხორციელების დღეს მოქმედი, 3.7 ან 3.8 პუნქტით განსაზღვრული გაცვლითი კურსის შესაბამისად. შესაბამისად, პირველი და შემდგომი გადახდებისას ლარში გადასახდელი თანხის ოდენობა შესაძლოა განსხვავდებოდეს გაცვლითი კურსის ცვლილების გამო.

3.10. გაცვლითი კურსის ცვლილება არ ცვლის მომსახურების ევროში (EUR) განსაზღვრულ ფასს. მომსახურების ფასი ევროში უცვლელი რჩება, ხოლო იცვლება მხოლოდ შესაბამისი გადახდის ლარში ეკვივალენტი.

4. მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მიწოდება და მისი სისწორე

4.1. მომსახურების მოთხოვნის, შეთავაზების მომზადებისა და ჯავშნის განხორციელებისთვის მომხმარებელი ვალდებულია GASA-ს მიაწოდოს სრული და ზუსტი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მომსახურების შესაძენად და გასაწევად.

4.2. მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს, მომსახურების სახიდან გამომდინარე, მათ შორის:

სახელსა და გვარს;

დაბადების თარიღს;

პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტის მონაცემებს;

საკონტაქტო ინფორმაციას;

მგზავრთა მონაცემებს;

მომსახურების მისაღებად საჭირო სხვა ინფორმაციას.

4.3. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ GASA-სთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე და ვალდებულია შესაბამისი მონაცემები გადაამოწმოს როგორც GASA-სთვის მათი მიწოდებამდე, ისე შეთავაზების მიღების შემდეგ, მის დადასტურებამდე.

4.4. მომხმარებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილების ან შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს GASA-ს.

4.5. მომხმარებლის მიერ მიწოდებული არასწორი ან არასრული ინფორმაციის გამო, ან მომხმარებლის მოთხოვნით მონაცემების შემდგომი ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა და პირობები განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი წესებისა და კონკრეტული მომსახურების პირობების შესაბამისად. ცვლილება შეიძლება დაკავშირებული იყოს დამატებით საფასურთან.

4.6. თუ გაცემულ დოკუმენტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და GASA-ს ხელთ არსებული მონაცემებით უტყუარად დასტურდება მომხმარებლის თავდაპირველი ნება, GASA უფლებამოსილია მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე გაასწოროს ასეთი შეცდომა და შესწორებული დოკუმენტი მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნოს. ფასის, თარიღის, დროის, მარშრუტის, მგზავრის, მომსახურების სახის ან სხვა არსებითი პირობის ცვლილება ტექნიკურ გასწორებად არ მიიჩნევა და დასაშვებია მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი მკაფიო თანხმობის საფუძველზე.

5. სამგზავრო დოკუმენტები და მომხმარებლის ვალდებულებები

5.1. მომხმარებელი პასუხისმგებელია მოგზაურობისთვის საჭირო მოქმედი დოკუმენტების დროულად მოპოვებასა და ფლობაზე, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, პასპორტის, ვიზის, ბინადრობის ნებართვისა და სხვა სავალდებულო დოკუმენტების არსებობაზე.

5.2. მომხმარებელი ვალდებულია გამგზავრებამდე თავად გადაამოწმოს დანიშნულებისა და ტრანზიტული ქვეყნების შესვლის, გასვლისა და ტრანზიტის მოქმედი სავიზო, საიმიგრაციო, სასაზღვრო და სხვა მოთხოვნები.

5.3. GASA-ს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მიწოდებული ინფორმაცია ატარებს საინფორმაციო ხასიათს და არ წარმოადგენს ვიზის გაცემის, საზღვრის კვეთის ან შესაბამის ქვეყანაში შესვლის გარანტიას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

5.4. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას შესაბამისი ავიაკომპანიის, სასტუმროს, ტუროპერატორისა და სხვა მომსახურების მიმწოდებლის მოქმედი წესები და მოთხოვნები, მათ შორის, შესაბამის შემთხვევაში, Check-in-ის, დროული გამოცხადებისა და ბარგის პირობები.

5.5. მომხმარებლის მიერ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მომსახურების სრულად ან ნაწილობრივ გამოუყენებლობა თავისთავად არ წარმოშობს GASA-ს მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულებას. თანხის დაბრუნების შესაძლებლობა განისაზღვრება გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკისა და შესაბამის მომსახურებაზე მოქმედი პირობების შესაბამისად.

6. კომუნიკაცია და ოფიციალური საკომუნიკაციო არხი

6.1. ჯავშნის საბოლოო დადასტურება, ბილეთი, ვაუჩერი, ინვოისი და მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ელექტრონული დოკუმენტები, მათ შორის მათი შესწორებული ან განახლებული ვერსიები, მომხმარებელს ეგზავნება შეკვეთის განთავსებისას მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

6.2. მომხმარებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტა წარმოადგენს ჯავშანთან დაკავშირებული კომუნიკაციისა და შესაბამისი დოკუმენტების მიწოდების ოფიციალურ არხს. მომხმარებელი პასუხისმგებელია ელექტრონული ფოსტის მისამართის სისწორეზე, მასზე წვდომასა და მიღებული შეტყობინებების დროულად შემოწმებაზე.

6.3. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს GASA-ს ელექტრონული ფოსტის მისამართის ცვლილების შესახებ. GASA არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ არასწორი ან მოძველებული ელექტრონული ფოსტის მისამართის მიწოდებით ან მისი ცვლილების შესახებ GASA-სთვის ინფორმაციის მიუწოდებლობით გამოწვეულ შედეგებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც GASA-მ იცოდა, რომ შესაბამის მისამართზე ინფორმაციის მიწოდება ვერ განხორციელდა.

6.4. ელექტრონული დოკუმენტების მიწოდებისა და მომხმარებლის მიერ მათი შემოწმების წესი განისაზღვრება GASA-ს მომსახურების მიწოდების პოლიტიკით.

7. გადახდის უსაფრთხოება და დამატებითი ვერიფიკაცია

7.1. მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება GASA-ს მიერ შეთავაზებული გადახდის საშუალებებით.

7.2. ონლაინ გადახდის შემთხვევაში გადახდის ოპერაცია მუშავდება შესაბამისი ბანკის ან/და გადახდის მომსახურების პროვაიდერის სისტემის მეშვეობით, მათი უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესაბამისად.

7.3. GASA არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს, თუ აღნიშნული მონაცემები უშუალოდ მუშავდება შესაბამისი ბანკის ან გადახდის მომსახურების პროვაიდერის მიერ.

7.4. ტრანზაქციის უსაფრთხოების, მომხმარებლის იდენტიფიკაციის ან თაღლითობის პრევენციის მიზნით, GASA უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტი. მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარმოუდგენლობის ან არასაკმარისი ვერიფიკაციის შემთხვევაში GASA უფლებამოსილია შეაჩეროს შესაბამისი ტრანზაქციის ან ჯავშნის დამუშავება ვერიფიკაციის დასრულებამდე.

7.5. არაავტორიზებული, თაღლითური ან სხვა არამართლზომიერი ტრანზაქციის შესახებ ობიექტურად დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში GASA უფლებამოსილია არ დაასრულოს შესაბამისი შეკვეთის დამუშავება და იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ბანკის ან გადახდის მომსახურების პროვაიდერის მოთხოვნების შესაბამისად.

7.6. ამ მუხლის მიზნებისთვის მიღებული პერსონალური მონაცემები მუშავდება GASA-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. მესამე პირების მომსახურებები და პასუხისმგებლობის ფარგლები

8.1. როდესაც GASA მოქმედებს როგორც შუამავალი/სააგენტო, იგი პასუხისმგებელია მის მიერ უშუალოდ ნაკისრი ვალდებულებების სათანადო შესრულებაზე.

8.2. GASA არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მოქმედებით, უმოქმედობით ან გადაწყვეტილებით გამოწვეულ გარემოებებზე, რომლებიც GASA-ს კონტროლის ფარგლებს სცდება და არ არის გამოწვეული GASA-ს მოქმედებით ან უმოქმედობით, მათ შორის:

ავიარეისის დაგვიანებაზე, გაუქმებაზე, განრიგის ან მარშრუტის ცვლილებაზე;

ავიაკომპანიის, სასტუმროს, ტუროპერატორის ან სხვა მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების პირობების ცვლილებაზე;

მესამე პირის მიერ მომსახურების შესრულებაზე ან შეუსრულებლობაზე;

მესამე პირის მიერ მომსახურების ცვლილებასთან, გაუქმებასთან ან თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

8.3. თუ GASA მიიღებს ინფორმაციას მომსახურების მიმწოდებლის მიერ ჯავშნის არსებითი პირობების ცვლილების, მომსახურების გაუქმების ან მისი შესრულების მნიშვნელოვანი შეფერხების შესახებ, GASA აღნიშნულ ინფორმაციას მომხმარებელს გონივრულად შესაძლო უმოკლეს ვადაში მიაწვდის მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებელთან კომუნიკაციისა და მომხმარებლის მოთხოვნის დამუშავების კოორდინაციას.

8.4. მესამე პირის მიერ მომსახურების ცვლილება, გაუქმება ან სხვა შესაბამისი გარემოება თავისთავად არ წარმოშობს GASA-ს მიერ მომხმარებლისთვის საკუთარი სახსრებიდან თანხის დაბრუნების ვალდებულებას. თანხის დაბრუნების შესაძლებლობა და ოდენობა განისაზღვრება გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკისა და შესაბამის მომსახურებაზე მოქმედი პირობების შესაბამისად.

9. ფორსმაჟორი და GASA-ს კონტროლს მიღმა გარემოებები

9.1. GASA არ არის პასუხისმგებელი წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე ან შესრულების შეფერხებაზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია GASA-ს გონივრული კონტროლის ფარგლებს მიღმა არსებული გარემოებით, რომლის თავიდან აცილება ან შედეგების აღკვეთა GASA-სგან გონივრულად შეუძლებელი იყო.

9.2. ასეთ გარემოებებს შეიძლება მიეკუთვნებოდეს, მათ შორის, სტიქიური უბედურება ან ექსტრემალური მეტეოროლოგიური პირობები, ომი ან შეიარაღებული კონფლიქტი, ეპიდემია ან პანდემია, სახელმწიფო ორგანოების მიერ დაწესებული შეზღუდვები, გაფიცვა, აეროპორტის დახურვა, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, ტექნიკური ან ინფრასტრუქტურული სისტემების მნიშვნელოვანი შეფერხება და სხვა გარემოება, რომელიც GASA-ს გონივრული კონტროლის ფარგლებს სცდება.

9.3. ასეთი გარემოების წარმოშობის შემთხვევაში GASA, მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მომხმარებელს აცნობებს მომსახურებაზე გავლენის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურების მიმწოდებელთან კომუნიკაციის კოორდინაციას.

9.4. ფორსმაჟორული ან GASA-ს კონტროლს მიღმა გარემოების წარმოშობა თავისთავად არ ნიშნავს მომსახურების ავტომატურ გაუქმებას ან მომხმარებლისთვის თანხის ავტომატურად დაბრუნებას. მომსახურების ცვლილების, გაუქმების, გადაჯავშნის, კრედიტის ან ვაუჩერის გაცემისა და თანხის დაბრუნების შესაძლებლობა განისაზღვრება გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკისა და შესაბამის მომსახურებაზე მოქმედი პირობების შესაბამისად.

10. წესებისა და პირობების ურთიერთობა ცალკეულ პოლიტიკებთან

10.1. წინამდებარე წესები და პირობები განსაზღვრავს GASA-სა და მომხმარებელს შორის ურთიერთობის ზოგად პირობებს მომსახურების შეთავაზებასთან, დაჯავშნასთან, ანგარიშსწორებასთან და მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით.

10.2. წინამდებარე წესებთან და პირობებთან ერთად, შესაბამის საკითხებზე ვრცელდება:

მომსახურების მიწოდების პოლიტიკა — რომელიც განსაზღვრავს მომსახურების მიწოდების წესსა და პირობებს;

გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა — რომელიც განსაზღვრავს მომსახურების ცვლილების, გაუქმებისა და თანხის დაბრუნების წესსა და პირობებს;

კონფიდენციალურობის პოლიტიკა — რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის პირობებს.

10.3. მომსახურების მიწოდების პოლიტიკა და გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკა წარმოადგენს წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს.

10.4. თუ კონკრეტულ შეთავაზებაში შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით განსაზღვრულია სპეციალური პირობა, რომელიც განსხვავდება წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ზოგადი პირობისგან, კონკრეტულ მომსახურებასთან მიმართებით უპირატესობა ენიჭება შეთავაზებაში პირდაპირ და მკაფიოდ მითითებულ სპეციალურ პირობას, იმ პირობით, რომ მომხმარებელს მასთან გაცნობის შესაძლებლობა მიეცა და იგი დაეთანხმა მას შეთავაზების დადასტურებამდე.

11. წესებსა და პირობებზე თანხმობა

11.1. მომხმარებელი ვალდებულია შეთავაზების დადასტურებამდე გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, მომსახურების მიწოდების პოლიტიკასა და გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკას.

11.2. ოფერის გვერდზე შესაბამისი მონიშვნის (checkbox) განხორციელებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო 11.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტებს, მისთვის გასაგებია მათი პირობები და ეთანხმება მათ. მომხმარებელს შეთავაზების დადასტურების შესაძლებლობა ეძლევა მხოლოდ აღნიშნული თანხმობის დაფიქსირების შემდეგ.

11.3. შეკვეთის განთავსებამდე მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო, მისთვის გასაგებია და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მომსახურების მიწოდების პოლიტიკას, გაუქმებისა და თანხის დაბრუნების პოლიტიკასა და კონკრეტულ მომსახურებაზე მოქმედ პირობებს. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ ინფორმირებულია შეკვეთის განთავსებით წარმოშობილი გადახდის ვალდებულების შესახებ.

12. მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

12.1. წინამდებარე წესები და პირობები, აგრეთვე GASA-სა და მომხმარებელს შორის შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობა, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

12.2. წინამდებარე წესებიდან და პირობებიდან ან შესაბამისი მომსახურებიდან წარმოშობილი უთანხმოების, პრეტენზიის ან დავის შემთხვევაში, მხარეები პირველ რიგში შეეცდებიან საკითხის მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყვეტას. მომხმარებელს შეუძლია შესაბამისი მოთხოვნა ან პრეტენზია წარუდგინოს GASA-ს ოფიციალური საკომუნიკაციო არხის მეშვეობით.

12.3. თუ დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, მხარე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ან სასამართლოს.

12.4. წინამდებარე წესებისა და პირობების არცერთი დებულება არ ზღუდავს ან გამორიცხავს მომხმარებლის იმ უფლებებს ან GASA-ს იმ პასუხისმგებლობას, რომელთა შეზღუდვა ან გამორიცხვა დაუშვებელია მოქმედი კანონმდებლობით.

13. წესებისა და პირობების ცვლილება

13.1. GASA უფლებამოსილია პერიოდულად განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები კანონმდებლობის, კომპანიის საქმიანობის, მომსახურების პირობების ან შესაბამისი ბიზნესპროცესების ცვლილების გათვალისწინებით.

13.2. წესებისა და პირობების განახლებული რედაქცია ძალაში შედის მისი გამოქვეყნების ან მომხმარებლისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის მომენტიდან, თუ განახლებულ რედაქციაში ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ არის მითითებული.

13.3. განახლებული წესები და პირობები ვრცელდება მათი ძალაში შესვლის შემდეგ დადასტურებულ შეთავაზებებზე და არ ცვლის მანამდე დადასტურებული შეთავაზების პირობებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა ან GASA-სა და მომხმარებელს შორის შესაბამის ცვლილებაზე ცალკე შეთანხმებისა. აღნიშნული არ ზღუდავს შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების პირობების შეცვლას, როდესაც ასეთი ცვლილება მისი წესების შესაბამისად ვრცელდება მომხმარებლის მიერ შეძენილ მომსახურებაზე.

13.4. GASA უზრუნველყოფს წესებისა და პირობების იმ რედაქციის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, რომელიც მოქმედებდა მომხმარებლის მიერ შესაბამისი შეთავაზების დადასტურების მომენტში.

14. ნაწილობრივი ბათილობა და დებულებების ძალაში დარჩენა

14.1. თუ წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე დებულება სრულად ან ნაწილობრივ ბათილად, ძალადაკარგულად ან აღუსრულებლად იქნება ცნობილი მოქმედი კანონმდებლობის ან უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული არ იმოქმედებს სხვა დებულებების ნამდვილობასა და მოქმედებაზე.

14.2. ბათილი, ძალადაკარგული ან აღუსრულებელი დებულება, რამდენადაც ეს სამართლებრივად შესაძლებელია, განიმარტება ან ჩანაცვლდება იმგვარად, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს მისი თავდაპირველი მიზანი და იგი შესაბამისობაში იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან.

15. საკონტაქტო ინფორმაცია და საბოლოო დებულებები

15.1. GASA-ს საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო ინფორმაცია:

სრული სახელწოდება: სს „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი“ (Georgian Avia Service Agency JSC);

საიდენტიფიკაციო ნომერი: 400007158;

მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ირაკლი აბაშიძის ქ. №29, შემოქმედებითი სახელოსნო №12ბ;

ელექტრონული ფოსტა: contact@gasa.ge;

ტელეფონი: +995 32 240 00 40.

15.2. წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის 2026 წლის 7 აგვისტოდან და მოქმედებს მათ განახლებამდე ან ახალი რედაქციით ჩანაცვლებამდე, წინამდებარე წესებისა და პირობების მე-13 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.